weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები და სია განახლდება – კობახიძე

14:25 შაბათი, 12 იანვარი 2019

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევაზე იმსჯელეს. როგორც კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, რაც შესაბამისი პროცედურა და კრიტერიუმები იქნება შემუშავებული.

„მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურის და კრიტერიუმების გაწერის პროცესი. ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა მსჯელობა და ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ვარიანტია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია შექმნილია. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის, წარმოდგენილნი არიან პარლამენტის წევრები, მთავრობა - იუსტიციის სამინისტროს სახით, სასამართლო კორპუსი, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი. აქ არიან ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში უკვე წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის უკან გაწვევა შეუძლებელია.

„იურიდიულად, მოსამართლეთა კანდიდატთა სიის გაწვევა არის შეუძლებელი, თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროცედურასა და კრიტერიუმებს ექნება უკუძალა იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც დეკემბერში წარმოდგენილი არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

არსებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ ჯერ იქნება შემუშავებული პროცედურა და კრიტერიუმები და შემდეგ იქნება ახალი სია წარმოდგენილი. როგორ განახლდება სია, ეს არის ტექნიკური დეტალი.

ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ძველი სიის ფორმალურად ჩაგდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, დაასახელა და პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატის სია. აღნიშნულ სიაში არიან – მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ნაწილი, მათ შორის, ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, თამარ ჩუგოშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი და ლევან კობერიძე, იუსტიციის საბჭოს მიერ სიის პარლამენტიდან გაწვევას ითხოვენ. სიისადმი პროტესტის მიზეზით ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა. განცხადების მიხედვით, მოსამართლეების არჩევის პროცედურის და კრიტერიუმების განხილვას დაეთმობა ერთი თვე, რომელიც პარლამენტის საგაზაფხულო სესიამდეა დარჩენილი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ამაზე ხანგრძლივი დროც.

„გადაწყვეტილებები მიიღება ფართო მსჯელობის საფუძველზე, რომელშიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე იქნება ჩართული“,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]